ჩემი ბლოგი

June 23, 2014

ავღანური ხაფანგი

Filed under: კონფლიქტები და ანალიზი — Tazo Demetrashvili @ 2:03 pm

6 ივნისს ავღანეთში მორიგი ტერორისტული აქტი მოხდა. განხორციელდა თავდასხმა ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატზე, აბდულა აბდულაზე. თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით დაიჭრა. აფეთქება განახორციელა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რის შემდეგაც მოქმედებაში მოვიდა გზაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. თავად კანდიდატი არ დაშავებულა.

2014 წლის არჩევნები ავღანეთისთვის კიდევ ერთი გამოცდაა. ჰამიდ ყარზაის მმართველობის 10-წლიანი ეპოქის შემდეგ რესპუბლიკაში ცვლილებების დრო დადგა. კოალიციური ჯარებისა და ISAF-ის ხელშეწყობით ქვეყანაში უამრავი რეფორმა განხორციელდა. მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმაც, რომელიც პრეზიდენტის პოსტის დაკავების საშუალებას მხოლოდ 2 ვადით იძლევა. ყარზაისთვის ეს ლიმიტი ამოიწურა.

აპრილში დანიშნულ არჩევნებში, ყველასთვის მოულოდნელად, აბდულა აბდულა დაწინაურდა, თუმცა საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა და დაინიშნა მეორე რაუნდი, რომელიც 14 ივნისს გაიმართება. ამ ეტაპზე გამოკვეთილია ორი ლიდერი: აბდულა აბდულა და აშრაფ ღანი.

აბდულა აბდულა მამით პუშტუნი, დედით კი ტაჯიკია.  მისი მამა ზაჰირ შაჰთან დაახლოებული პირი იყო, რაც შვილის რეპუტაციაზე დადებით გავლენას ახდენდა. ბონის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მან მოახერხა და გარდამავალ მთავრობაში საგარეო უწყება ჩაიბარა. თუმცა 2005 წელს ის გადადგა.

აბდულა აბდულამ მონაწილეობა მიიღო 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თუმცა ჰამიდ ყარზაიმ მას გამარჯვების არანაირი შანსი არ დაუტოვა. აღსანიშნავია, რომ აბდულამ ხმების 30%-ზე მეტი მიიღო. ამან დაარწმუნა აბდულა, რომ შანსები ჯერ კიდევ არსებობს. მან დააარსა „ცვლილებებისა და იმედის კოალიცია“ და 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებში 249 ადგიდან 90 მის კოალიციას ერგო. ყარზაის ღირსეული ოპოზიცია გაუჩნდა.

აბდულა აბდულა ცნობილია თავისი ხისტი პოზიციით თალიბანთან მოლაპარაკებების მიმართ. მას არ სჯერა, რომ მოლაპარაკებები დადებით შედეგს მოიტანენ. ის მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ყარზაის თალიბანის შემორიგების მცდელობისთვის. როგორც აჰმად შაჰ მასუდთან დაახლოებული პირი, ის თავისი პრინციპების ერთგული რჩება დღემდე.

დღევანდელ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ რომ თავდასხმის უკან დგას თალიბანი. არსებობს ვერსია, რომ ეს იყო კლანების შორის დაპირისპირების დაწყების პირველი ეტაპი. თუ გაიმარჯვებს აბდულა აბდულა, ის გახდება მესამე ტაჯიკი, რომელიც ავღანეთის სათავეში ჩადგება. პირველი იყო ჰაბიბულა ხანი, რომელიც გადატრიალების შედეგად 1929 წელს მოვიდა ხელისუფლებაში და მხოლოდ 9 თვე დაჰყო სათავეში. 1992 წელს, პეშავარის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, მოჯახედების აღმასრულებელმა საბჭომ ავღანეთის ისლამური საბჭოს ხელმძღვანელად ბურჰანუდდინ რაბანი დანიშნა. ეს ორი პიროვნება წარმოშობით ტაჯიკი იყო.

ავღანეთის პოლიტიკურ ცხოვრებას თან ახლავს ტრადიციული ელემენტები. კერძოდ კი დაპირისპირება კლანებს შორის. პუშტუნების კლანი, რომელსაც ყოველთვის მეწინავე პოზიციები ეკავა, მუდმივად ცდილობდა დანარჩენი კლანების დამორჩილებას. ავღანეთის შეიარაღებულ ძალებში სამეთაურო პოსტებზე სხვა კლანის, მით უმეტეს ტაჯიკების დანიშნვა, გამორიცხული იყო. იმის ფონზე, რომ არსებობს ტაჯიკის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების ალბათობა, შეუძლებელია წინასწარ იმის გათვლა, თუ რა პროცესებს გამოიწვევს ეს ავღანეთის ეროვნულ უსაფრთხოების ძალებში.

ობამას მიერ ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილების გაჟღერებამ ბიძგი მისცა თალიბანის წინააღმდეგობის ახალ ტალღას. გახშირდა თავდასხმები და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების წევრების მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლის ფაქტები. როგორ განვითარდება მოვლენები აბდულა აბდულას გამარჯვების შემთხვევაში, უცნობია. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამოქალაქო ომის საფრთხე საკმაოდ მაღალია და ავღანეთის მიწაზე მშვიდობა და სტაბილურობა კიდევ დიდხანს ვერ დაისადგურებს.

January 20, 2009

ნაპოლეონ ბონაპარტე

Filed under: საერთაშორისო პოლიტიკა — Tazo Demetrashvili @ 7:15 pm

ნაპოლეონ ბონაპარტე – ადამიანი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შევიდა როგორც ბრწყინვალე მხედართმთავარი. მისი სახელი ისეთ სახელებთან მოიხსენიება, როგორებიცაა ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი და სხვა. ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია როგორც საფრანგეთის, ასევე მსოფლიო ისტორიაში, დაიბადა 1769 წლის 15 აგვისტოს ქ. აიაჩოში, კორსიკაზე. მისი მშობლები – კარლო-მარია ბოუნაპარტე და ლეტიცია რამოლინო სიმდიდრით არ გამოირჩეოდნენ, ამიტომაც ოჯახის უფროსმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისი შვილებს, ჯოზეფს და ნაპოლეონ ბონაპარტეს განატლება სახელმწიფოს ხარჯზე მიეღოთ. ასე მოხვდა “პატარა კორსიკანელი” ჯერ ოტენის კოლეჯში, შემდეგ კი ბრიენის სამხედრო სასწავლებელში, სადაც 5 წელი ისწავლა. ის საკმაოდ ნიჭიერი კურსანტი იყო, ყველაზე კარგად სწავლობდა მათემატიკას და სხვა ზუსტ მეცნიერებებს. ძალიან უჭირდა უცხო ენების სწავლა. 1785 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, უმცროსი ლეიტენანტი ბონაპარტე ლიონის მახლობლად, ვალლანის ბანაკში გადაიყვანეს. ასე დაიწყო ახალგაზრდა არტილერისტის სამხედრო კარიერა, რომელიც შემდგომში იმპერატორობამდე გაგრძელდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი – 18 ბრიუმერი, ისტორიაში უსისხლო გადატრიალების თარიღად არის შესული. ამ დღეს, ნაპოლეონის თანამოაზრე და მეგობარი, იოახიმ მიურატი, გრენადერების ქვედანაყოფთან ერთად “ხუთასთა საბჭოში” შეიჭრა და დეპუტატები კაბინეტიდან გამოაძევა. ამას მოჰყვა საკონსულო კომისიის შექმნა, რომელშიც შევიდნენ სიესი, როჟე დიუკო და ბონაპარტე. ამ კომისიას უნდა შეექმნა კონსტიტუცია და შეემუშავა კანონები. იმდროინდელი გამოჩენილი ჟურნალისტი, რენო, წერდა: “ეყოფათ თუ არა წინა რესპუბლიკის შეცდომების აღიარება და მათი გამოსწორება?”. ძალიან ბევრი “18 ბრიუმერის რევოლუციას” სკეპტიკურად უყურებდა. ქვეყნის სათავეში ხომ გენერალი მოვიდა.
გადატრიალების შემდეგ ნაპოლეონმა საგარეო საქმეთა მინისტრად თავადი ტალეირან პერეგორი დანიშნა. ეს უფრო ფორმალური დანიშვნა იყო, რადგან ნაპოლეონი ტალეირანის მოსაზრებებს მხოლოდ მაშინ იზიარებდა, თუ ისინი მის საკუთარ მოსაზრებებს ემთხვეოდა. საერთოდ, ნაპოლეონს საკმაოდ რთული სიტუაცია ჰქონდა შიდა პოლიტიკურ სპექტრში. მძლავრი იყო ოპოზიცია, უკმაყოფილება იზრდებოდა. ბევრს არ მოსწონდა ნაპოლეონის მონარქისტული მიდრეკილებები. თუმცა თვითონ ნაპოლეონს ეს ნაკლებად აღელვებდა. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო არ დაეშვა ოპოზიცური ზეგავლენა შეიარაღებულ ძალებში, თუმცა ძალიან მალე თავი ამანაც იჩინა. გენერალი მორო ოპოზიციის დასაყრდენად ითვლებოდა. ნაპოლეონის შემდეგ ის რესპუბლიკაში გავლენით მეორე ადამიანი იყო. ნაპოლეონი მას პირდაპირ ვერ გაუსწორდებოდა, რადგან მშვენივრად ესმოდა, რომ მოროს გააჩნია საკმაოდ დიდი გავლენა სეიარაღებულ ძალებში და ჯარისკაცებში. დროთა განმავლობაში ოპოზიციური განწყობა ჯარში სახიფათო მასშტაბები მიიღო და საჭირო გახდა გადამწყვეტი ზომების მიღება. 1802 წელს გენერალ ბერნადოტის, სიმონისა და დონადიეს დაპატიმრება. ისინი შეიარაღებულ ძალებში ღია აგიტაციას აწარმოებდნენ და ჯარს სამხედრო გატარიალებისკენ მოუწოდებდნენ. მათი დაპატიმრება წყნარად და ხმაურის გარეშე მოხდა. ნაპოლეონმა იცოდა, რომ მათ დაპატიმრებას და სასამართლოს გარეშე საკანში ყოფნას უდიდესი რეზონანსი მოჰყვებოდა. გამოსავალი მალევე მოიძებნა: ისინი გააგზავნეს ექსპედიციაზე სან დომინგოს კუნძულზე, საიდანაც ისინი აღარ დაბრუნებულან.
ბევრს არ მოსწონდა ნაპოლეონის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა ინგლისთან მიმართებაში. ამიენის ხელშეკრულება მხოლოდ ხანმოკლე შესვენება აღმოჩნდა მოსალოდნელი შერკინების წინ. ამიენის ხელშეკრულებით ნაპოლეონი გაცილებით მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა და ინგლისელები ამას საკმაოდ გვიან მიხვდენ. საფრანგეთი უმნიშვნელო დათმობებზე წავიდა, ხოლო ინგლისს მშვიდობის ნაცვლად საკმაოდ დიდი საფასური უნდა გადაეხადა. ნაპოლეონმა მიაღწია იმას, რომ ინგლისმა უარი თქვა ჰოლანდიის, გერმანიისა და იტალიის საქმეებში ჩარევაზე და ასევე მალტის კუნძულის გათავისუფლების ვალდებულება აიღო. საფრანგეთმა, შეთანხმების საფუძველზე, ეგვიპტიდან ჯარების გამოყვანისა და მისი თურქეთისადმი გადაცემის ვალდებულება იკისრა.
ამასთან ერთად, საფრანგეთი კოლონიალურ ომებს განაგრძობდა. 1802 წლის მარტში, ამიენის ხელშეკრულების ხელმოწერის პარალელურად, საფრანგეთმა სან დომინგოში 35 000 კაციანი ექსპედიცია გააგზავნა. იმავე წელს ექსპედიცია ლევანტში გაიგზავნა, ხოლო 1803 წლის სექტემბერში-ინდოეთში. ინგლისი ამას განიხილავდა როგორც ანტიბრიტანულ პოლიტიკას. სიტუაცია ნელნელა იძაბებოდა. კულმინაცია იყო ნაპოლეონის ცნობილი ფრაზა “ან მალტა ან ომი!”. ის ითხოვდა ინგლისელებისგან ამიენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესრულებას – მალტის გათავისუფლებას. 1803 წელს ბრიტანეთის ელჩმა პარიზი დატოვა. მთელი ევროპა, დიდი ომის მოლოდინში, დაიძაბა.
ნაპოლეონმა იცოდა, რომ ინგლისის წინააღმდეგ მოკავშირეების გარეშე მოქმედება მის გეგმებს გაართულებდა(ნაპოლეონს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება თემზის სანაპიროზე სურდა). ავსტრია, იტალია და ესპანეთი ანგარიშგასაწევ ძალებს არ წარმოადგენდნენ. იმ პერიოდში ყველაზე რეალური და ანგარიშგასაწევი ძალა ჩრდილოეთის იმპერია, რუსეთი იყო. ნაპოლეონმა მოახერხა პავლე პირველთან დაახლოება, მაგრამ მისმა მკვლელობამ საქმე ჩიხში შეიყვანა. ტახტზე ალექსანდრე 1-ს ასვლის შემდეგ, ნაპოლეონმა მასთან დაახლოების გზების ძიება დაიწყო. მან ალექსანდრეს გამეფებასთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა და თავისი ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა გამოუცდელი დიპლომატი, დიუროკი მიავლინა. დიუროკმა ალექსანდრესთან საერთო ენა საკმაოდ მოკლე დროში გამონახა. ალექსანდრე აღფრთოვანებული იყო ნაპოლეონის მიღწევებით და მასში რეალურ მოკავშირეს ხედავდა. მოლაპარაკებები საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა და დასრულდა 1803 წლის 8 ოქტომბერს, პარიზში, მშვიდობიანი შეთანხმების ხელმოწერით. 2 დღეში, იმავე პარიზში, ხელი მოაწერეს საიდუმლო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა საერთო, შეთანხმებული პოლიტიკის გატარებას იტალიასთან და გერმანიასთან მიმართებაში, ასევე საფრანგეთისა და თურქეთის დაახლოებას. ეს იყო ფრანგული დიპლომატიის უდიდესი გამარჯვება. ასევე აქტუალური გახდა საფრანგეთ-პრუსია-რუსეთის კავშირი, რომელიც მთელს ევროპაზე გაავრცელებდა თავის გავლენას. ალექსანდრე 1 ამ კავშირს მიესალმებოდა, რასაც ვერ ვიტყვით ინგლისზე. ინგლისი ამ კავშირში ევროპაში საკუთარი გავლენის დაკარგვას ხედავდა. დაიწყო აქტიური დიპლომატიური ომი ამ კავშირის შექმნის წინააღმდეგ. ამავე დროს ათასობით ადამიანი მუშაობდა სადესანტო გემებისა და კატარღების მშენებლობაზე. ყველაფერი გადაწყდა 1803 წლის 11 მაისს დახურულ სხდომაზე, სადაც შეიკრიბნენ პირველი კონსულის მინისტრები უიტვორტის ულტიმატუმის განსახილველად. ხმები გაიყო. კაბინეტის ნაწილი დათმობებზე წასვლას, ნაწილი კი ულტიმატუმის უარყოფას (რაც ომის გამოცდახების ტოლფასი იყო) უჭერდა მხარს. ნაპოლეონი, რა თქმა უნდა, ყველას უსმენდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ გადამწყვეტი სიტყვა მაინც პირველ კონსულს ეკუთვნოდა. ნაპოლეონმა გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც ევროპაში დამანგრეველ, კატასტროფულ და დაუნდობელ საომარ პროცესებს ჩაუყარა საფუძველი. ეს იყო ნაპოლეონის დასასრულის დასაწყისი.
ომი არასაომარ ხასიათს ატარებდა, რაც აღელვებდა ნაპოლეონს. სიტუაციის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ინგლისს არ გააჩნდა საკმაო ცოცხალი ძალა, რომ ნაპოლეონი ხმელეთზე დაემარცხებინა, ხოლო ნაპოლეონს არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის ფლოტი, რათა ინგლისელები ზღვაზე გაენადგურებინა. ომი ატარებდა უფრო ეკონომიკური ბლოკადისა და ემბარგოების ხასიათს. თუმცა შეიარაღებული დაპირისპირება გარდაუვალი იყო. ალექსანდრესთან კავშირით გათამამებული ნაპოლეონი დიდი ომის მოლოდინში იყო და თავის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. მაგრამ ამ დროს ორ იმპერატორს შორის ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალა და უკიდურესად დაიძაბა. ტალეირანის დაჟინებული თხოვნით, ვენსენსის სასახლეში დახვრიტეს ენგიენის ჰერგოცი. ტალეირანი არწმუნებდა ნაპოლეონს, რომ ამით საბოლოოდ მოშორებული იქნება ბურბონთა მხრიდან მოსალოდნელი საფრთხე. ამას ხელი შეუწყო კადუდალის დაკავება, რომელიც პირველი კონსულის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდა. ყველაფერი გენერალ მოროს დაკავებით დასრულდა. საფრანგეთში შიდაარეულობა დაიწყო.
ენგიენის ჰერცოგის დახვრეტით აღშფოთებულმა ევროპამ პროტესტს პროტესტზე გამოთქვამდა, თუცმა ბევრი ერიდებოდა ღია უკმაყოფილების გამოხატვას. ყველაზე გაბედული ალექსანდრე აღმოჩნდა, რომელიც ამ მკვლელობას მონარქიული წყობილებისადმი მიყენებულ დარტყმად განიხილავდა. საპროტესტო ნოტა საფრანგეთს უბრიმ გადასცა, რაზეც ნაპოლეონის ცნობილი პასუხი მიიღო. ალექსანდრემ ვერ აიტანა პირადი შეურაცყოფა. ორ იმპერიას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ამით ისარგებლა ინგლისმა და მოახერხა რუსეთის გადაბირება, ომისთვის სუბსიდიაც კი გამოუყო.
ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანი იყო პრუსიის პოზიცია. ნაპოლეონის ავსტრიაზე გამარჯვების შემდეგ ფრიდრიხ – ვილგელმი ხვდებოდა, რომ ნაპოლეონთან ომი გარდაუვალია. მან სცადა გაეტარებინა ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, მაგრამ მოკავშირეთა წინააღმდეგობას წააწყდა. რუსეთს და ინგლისს პრუსია სჭირდებოდა და მის გადმოსაბირებლად მუქარებსაც არ ერიდებოდნენ. თავის მხრივ ნაპოლეონი აიძულებდა პრუსიის მეფეს, გაერთიანებულიყო “რეინის კავშირში”, სადაც 16 გერმანული სახელმწიფო შედიოდა. პრუსიის მეფე უარზე იდგა. საბოლოოდ ის აღმოჩნდა ჩიხში. ნეიტრალიტეტის სურვილით ის არცერთ მხარესთან არ მოისუხვა თანამშრომლობა და ნაპოლეონთან პირისპირ აღმოჩნდა, რაც პრუსიისთვის გამანადგურებელი ომითა და1806 წლის ოქტომბერში ბერლინის განადგურებით დასრულდა.
ნაპოლეონი სულ უფრო უახლოვდებოდა დასახულ მიზანს. ხვდებოდა რა, რომ საომარ მოქმედებებში ინგლისელებთან ჩართვა ნაკლებად რეალური იყო, მან ეკონომიკურ ბლოკადას მიმართა და 1806 წლის 21 ნოემბერს ინგლისულ პროდუქტზე ემბარგო დააწესა. რა თქმა უნდა, მის დაქმებდებარებაში მყოფი ქვეყნები იძულებულნი გახდნენ იგივე ზომები მიეღოთ ინგლისთან მიმართებაში. მოულოდნელად ალექსანდრემ ნაპოლეონთან მიმართებაში თავისი საგარეო კურსი შეცვალა. მან საფრანგეთში თავადი ლობანოვ – როსტოვსკი მიავლინა და ნაპოლეონს ზავი შესთავაზა.
შეხვედრა ტილზიტში, 1807 წლის 27 ივნისს შედგა. შეთანხმების თანახმად, რუსეთი იღებდა ვალდებულებას ინგლისისთვის საკონტინენტო ბლოკადა გამოეცხადებინა. ასევე რუსეთს ინგლისისთვის ომი უნდა გამოეცხადებინა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პუნქტი, სადაც ჩაწერილი იყო, რომ რუსეთი ცნობდა ნაპოლეონის მიერ მომავალში დამყრობილ ტერიტორიებს. ამას რუსეთის შიდა წრეებში დიდი აღშფოთება მოჰყვა. ბლოკადით ხომ არა მარტო ინგლისი ზარალდებოდა. უფრო და უფრო მრავლდებოდა ალექსანდრეს საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვი.
ამასობაში ნაპოლეონი განაგრძობდა დაპყრობით ომებს. პორტუგალიის დაკავების შემდეგ, ნაოპლეონი ესპანეთს მიადგა, მაგრამ საკმაოდ მძლავრ ეროვნულ წინააღმდეგობას შეხვდა. ამასობაში ავსტრიამ ისარგებლა მომენტით და ნაპოლეონის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყებისთვის მზადება დაიწყო. პირველ ცონსულს არ ეშინოდა რუსეთის ჩარევის. კარგად იცოდა რომ ალექსანდრე ამას არ იზავდა. თუმცა თავი მაინც დაიზღვია და ალექსანდრე შეხვედრაზე დაპარიჟა. შეხვედრა ერფურტში, 1807 წლის ოქტომბერში გაიმართა. ამ მოლაპარაკებებზე ტალეირანმა ნაპოლეონს კიდევ ერთხელ უღალატა – ის ალექსანდრესთან ფარულ გარიგებაზე წავიდა. მართალია, ნაპოლეონი მიხვდა ამას, მაგრამ ტალეირანი ვერ დასაჯა სამხილების არქონის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა კონსულმა რუსეთის სახით ავსტრიის წინააღმდეგ მოკავშირე ვერ მონახა, მან ავსტრიაზე მაინც გაილაშქრა და 1809 წელს ის სასტიკად დააამრცხა. რუსეთი ომში არ მონაწილეობდა, მაგრამ გარკვეული ტერიტორიები მაინც მიიღო. ეს იყო ავსტრიისთვის და პრუსიისთვის წართმეული ტერიტორიები. ამით ნაპოლეონი ავსტრიელების და პრუსიელების რუსეთთან საბოლოოდ გადამტერებას ვარაუდობდა. ალექსანდრე, ცხადია, ამ ყველაფერს ხვდებოდა. სიტუაცია გართულდა მას შემდეგ, რაც ვერ შედგა ნაპოლეონისა და ალექსანდრეს დის უღლება. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ნაპოლეონმა ჯვარი ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე დაიწერა.
ომი მზადდებოდა. მეტოქეები მოკავშირეთა ძებნას აგრძელებდნენ. ნაპოლეონი დარწმუნებული იყო რომ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ დაირაზმებოდა, მაგრამ ის ცდებოდა. ავსტრიასთან და პრუსიასთან ძალდატანებით ხელმოწერილი ხელშეკრულებები მხოლოდ ფარატინა ქაღალდად დარჩა. ომი ხანმოკლე აღმოჩნდა. ის 1812 წელს დაიწყო და იმავე წელსვე დასრულდა ნაპოლეონის დამარცხებით. დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. შუამავლობა მეტერნიხმა იკისრა. შემუშავებულ იქნა მთელი რიგი პუნქტებისა, რომელებიც ძირითადად წართმეული მიწების დაბრუნებას ითვალისწინებდნენ. ალექსანდრე შიშობდა რომ ნაპოლეონი მიიღებდა ამ შეთავაზებას და მის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყდებოდა. თუმცა ნაპოლეონი ამ პირობებს არ დათანხმდა. ომი განახლდა. ლეიპციგთან გამართულ ბრძოლაში ნაპოლეონმა უკან დაიხია. ამით გათამამებულმა მოკავშირეებმა ახალი, გაცილებით რთული პირობები წაუყენეს ნაპოლეონს. ამჯერადაც უარი მიიღეს. ნაპოლეონი არ თმობდა თავის იმპერიას. მეტიც, მან რამოდენიმე გამარჯვება მოიპოვა და თავის ძალებში უფრო დარწმუნდა.
ამით შეწუხებულმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს ბრძოლა ბოლომდე მიეყვანათ. 1814 წელს ხელი მოეწერა შომონის ტრაქტატს, სადაც ნათქვამი იყო რომ მოკავშირეები ბოლომდე იბრძოდნენ. შედეგმა არ დააყოვნა. 1814 წლის 30 მარტს პარიზი დაეცა, პირველი კონსული და იმპერატორი ნაპოლეონი კი კუნძულ ელბას იმპერატორად იქცა. ასე დასრულდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპოქა ევროპის ისტორიაში.
რით იყო ნაპოლეონის მმართველობა საინტერესო?
პირველ რიგში აღსანიშნავია მისი მიდგომა დიპლომატიისადმი. მიუხედავად იმისა, რომ მას გვერდით ტალეირანი ჰყავდა, ნაპოლეონი მას ბოლომდე მაინც არ ენდობოდა. აღსანისნავია ის, თუ როგორ მოვიდა ნაპოლეონი ხელისუფლებაში, რა გზა განვლო კორსიკიდან საფრანგეთამდე, სამხედრო სასწავლებლიდან იმპერატორობამდე. მის პოლიტიკაზე საკმაოდ დიდ გავლენას მისი წარმომავლობა ახდენდა. ოფიციალურ საბუთებს ის ხშირად ხელს აწერდა როგორც ნაპოლეონ დე ბონაპარტე. ის არაერთხელ უსვავდა ხაზს იმ ფაქტს, რომ ის ფრანგი არ იყო, თუმცა საფრანგეთისთვის ბევრი რამ გაუკეთებია. მისი ისტორიული სცენიდან წასვლის შემდეგ ტახტზე ისევ ბურბონთა დინასტია გაბატონდა. დაიწყო მოწინააღმდეგეთა სასტიკი დევნა. ყველა, ვისაც არ მოსწონდა ბურბონები, სისხლში ჩაახშეს. დაიწყო ახალი ერა, ერა ტირანიისა და დევნის. ნაპოლეონის თანამოაზრეები რიგრიგობით მოკლეს, ბევრი გადაასახლეს. პოლიციის ყოფილი უფროსი, ფუშე, რომელმაც ნაპოლეონს ბოლოს უღალატა, ისიც ისტორიას ჩაბარდა.
ბევრი ნაპოლეონს ახასიათებს როგორც გამოჩენილ მხედართმთავარს, ზოგიერთი მას ტირანად თვლის, მაგრამ არსებობს ხალხის ნაწილი, რომელიც უბრალოდ ცდილობს ჩაწვდეს ნაპოლეონის ფენომენს. რა ვერ გათვალა ადამიანმა, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ფეოდალიზმს?
ნაპოლეონის ოცნება აუხდენელი დარჩა. ის, რისთვისაც ემზადებოდა პირველი კონსული, რაც იყო მისი მთავარი მიზანი-თემზაზე ინგლისელებისთვის მშვიდობის პირობების წაყენება,-ოცნებად დარჩა. ინგლისმა თავისი ჩვეული პოლიტიკა გაატარა, რამაც კიდევ ერთხელ გაამართლა. მას ვერაფერი დააკლო ნაპოლეონის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ. თუმცა თავის მემუარებში ნაპოლეონი აღნიშნავს რომ ეს შეცდომა იყო.
რატომ ვერ მოახერხა ნაპოლეონი რუსეთთან დაახლოება?რატომ დაუჯერა ტალეირანს და დახვრიტა ენგიენსის ჰერცოგი?ევროპის რეაქცია მოსალოდნელი იყო, მაგრამ ნაპოლეონს არ აინტერესებდა ევროპის რეაქცია. მან ჰერცოგში საფრთხე დაინახა და მოქმედებებმაც არ დააყოვნეს. მართალია, შემდეგ ტალეირანი უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ჰერცოგის დახვრეტისკენ ნაპოლეონი მან წააქეზა, მაგრამ ფაქტებით საწინააღმდეგო დგინდება.
ყურადღების ღირსია ნაპოლეონის მიდგომა დამარცხებული ქვეყნების მიმართ. მას არ ეშინოდა, რომ მის მიერ დაკავებულ ქვეყნებში დაიწყებოდა სახალხო მღელვარება. ნაპოლეონს ეგონა, რომ ხალხის თვალში ის გამანთავისუფლებელი, ფეოდალური ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლია. ზუსტად ამ ლოზუნგით ხდებოდა უსისხლო ” 18 ბრიუმერის რევოლუცია”. ნაპოლეონი ატარებდა შიდა რეფორმებს. აღსანიშნავია მისი “სამოქალაქო კოდექსი”, სადაც დაცული იყო კერძო საკუთრება და ადამიანის უფლებები. ნაპოლეონს ეშინოდა ოპოზიციის, მაგრამ არ ზღუდავდა მას. და არც შეზღუდავდა, რომ არა კადუდალის შეთქმულება, რომელშიც მისი მარჯვენა ხელი, თანამოაზრე, გენერალი მორო მონაწილეობდა.
ბონაპარტე იყო თავისი ეპოქის შვილი. ეპოქისა, რომელმაც მთლიანად შეცვალა ევროპის მომავალი. 1969 წელს აღინიშნა ნაპოლეონის დაბადების 200 წლისთავი. დაიწერა უამრავი წიგნი და სტატია, ჩატარდა კონფერენციები და სემინარი, რაც მეტყველებს იმაზე რომ ნაპოლეონ ბონაპარტის სახელი სამუდამოდ დაიმკვირდა ადგილი მსოფლიო ისტორიაში.

Create a free website or blog at WordPress.com.