2008 წლის ომი დიდხანს იგეგმებოდა. ეტაპობრივად, თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებით, რუსეთმა შედეგს მიაღწია და 2008 წელს საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილი ჩამოაშორა. ეს იყო საკმაოდ დეტალურად დაგეგმილი, დროში გაწერილი ოპერაცია, რომელიც რუსეთმა ბრწყინვალედ შეასრულა. სამწუხაროდ, საქართველომ ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის ძირითადი გეგმის განსაზღვრა, რამაც გამოიწვია მცდარი ნაბიჯების გადადგმა და, შესამაბისად, შედეგიც სახეზეა. საუბარი ქართველებსა და ოსებსა და აფხაზებს შორის არსებულ შუღლზე, უთანხმოებასა და სიძულვილზე რუსული პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა (და ახლაც წარმოადგენს). ამაში ჩვენს დიდ ჩრდილოელ მეზობელს ეხმარება მედიასაშუალებები, რაზეც ჩვენ პირველ ნაწილში უკვე ვისაუბრეთ. მასების აზრთა ფორმირებას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ბევრ რეგიონში მაუწყებლობს რამდენიმე ტელევიზია, რომელიც ღიად, დაუფარავად კონტროლდება ხელისუფლების მიერ. ამაში დარწმუნება ძალიან მარტივია. შედით www.youtube.com-ზე და აკრიფეთ Грузины в цхинвале, ნახეთ ვიდეოები და წაიკითხეთ კომენტარები. აბსოლუტურ უმეტესობას, ვისაც კი კომპიუტერთან მიუწვდება ხელი, დარწმუნებულია რომ ცხინვალი მიწასთან ჩვენ გავასწორეთ. კი, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს შეტევა ცხინვალზე, მაგრამ მისი “მიწასთან გასწორება” ნამდვილად არ მომხდარა. და საერთოდ, დააკვირდით, რამდენი ანტიქართული ვიდეოა ატვირთული ზემოაღნიშნულ პორტალზე რუსების (და არამარტო რუსების) მიერ. უშიშროების ფედერალური ბიურო დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ ინტერნეტი და სოც.ქსელები ფართო მასებზე ზემოქმედების ერთ–ერთი ეფექტური საშუალებაა. სპეციალურად ამისთვის შეიქმნა საიდუმლო სამსახური, რომელიც ამ მიმართულებას კურირებს. სამწუხაროდ, ამ მხრივ ჩვენ საკმაოდ ჩამოვრჩით.
დავურბუდნეთ კონფლიქტს…ის, რაც მოხდა 90-იანი წლების დასაწყისში, იყო პრეამბულა. რუსეთს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლო ზუსტად იგივე ნაბიჯების გადადგმა, რაც 2008 წელს გადადგა. მართალია, მაშინ არ იყვნენ სამშვიდობოები (მოგეხსენებათ, ეს ბერკეტი გამოიყენა რუსეთმა აგვისტოს ომის დროს), თუმცა არსებობდა სხვა უამრავი საშუალება. მაშინ რუსეთმა სხვა ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება. მოხდა საქართველოს ჩართვა საკმაოდ ხანგრძლივ და გამომფიტავ კონფლიქტში. ომი მართლაც ხანგრძლივი გამოდგა (13 თვე და 13 დღე) და ქართული მხარის დამარცხებითა და სამთავრობო ჯარების გამოყვანით დასრულდა.
საქართველო დააჩოქეს. სამწუხაროდ, დაჩოქების პროცესში ლომის წილი თავად ქართველებს მიუძღვით. ახლადშექმნილი სახელმწიფო ისევ დაშლის პირას იდგა, შიდა პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩებოდა, ისედაც მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა და საშინელ ტვირთად დააწვა მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ ყველაფერს რუსეთი კარგად ხედავდა და შესაბამის ნაბიჯებს დგამდა. მან აგრძნობინა და დაარწმუნა საქართველო, რომ მისი ბედ-იღბალი დამოკიდებული იყო მხოლოდ ჩრდილოელ მეზობელზე. ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა რუსეთში გადახვეწა, იქ დამკვიდრება და იქიდან საქართველოში დარჩენილი ოჯახების შენახვა დაიწყო. რამდენიმე წელიწადში კი რუსეთის საელჩომ მოქალაქეობის აქეთ-იქეთ დარიგების პროცესი აქტიურად დაიწყო. კარგად მახსოვს რიგები რუსეთის საელჩოსთან და გახარებული მოსახლეობა, რომლებსაც ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე გადაეცემოდა რუსეთის მოქალაქის პასპორტი.
ეს იყო კიდევ ერთი ნაღმი, რომლის აღმოჩენაც და განეიტრალებაც, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ამის შედეგები ჩვენ 2008 წელს მოვიმკეთ. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამაჩაბლოში სიტუაცია ნელ-ნელა წყნარდებოდა. ომისშემდგომი იარები თითქოს მოშუშდა და ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობები დათბა. ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ცხინვალში შესვლა ქართველებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, ოს და ქართველ ახალგაზრდებს შორის ქორწინების ფაქტებმა იმატა. გაჩნდა რაღაც საერთო, რაც ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს აერთიანებდა. ეს “რაღაცა” იყო ერგნეთის ბაზრობა, კონტრაბანდისა და უკანონო ვაჭრობის ბუდე. ჩემს თაობას ნაკლებად ემახსოვრება, მაგრამ ჩვენს წინა თაობას ნამდვილად ემახსოვრებათ სიგარეტი “Ява”, “Тройка” და სხვა რუსული ნაწარმი, რომელივ ერგნეთის გავლით დანარჩენ საქართველოში შემოდიოდა. ეს ის პარადოქსული მომენტია, როდესაც უკანონობას გარკვეულწილად, დადებითი შედეგი ჰქონდა.
ვითარება რადიკალურად შეიცვალა 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც საქართველომ პირველი ქმედითი ნაბიჯები გადადგა დასავლეთის მიმართულებით. ტერმინი “ნატოში ინტეგრაცია” ყოველდღიურ ხმარებაში შემოვიდა. ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების ბუმი დაიწყო, გააქტიურდა სხვადასხვა ფონდი თუ ინსტიტუტი. მაგრამ რუსეთისთვის ყველაზე აღმაშფოთებელი ფაქტი გალხდათ ქართული შეიარაღებული ძალების რეფორმირების დაწყება. ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს (და არა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როგორც ეს ბევრს ჰგონია). ზუსტად იმ პერიოდში დაიწყო აშშ-ს სამხედრო ინსტრუქტორების საქართველოში ჩამოსვლა და ქვედანაყოფების ახალი სტანდარტებით ფორმირება, დაიწყო გადაიარაღების პროცესი, საზღვარგარეთ სამხედრო განათლების მისაღებად გაგზავნილთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა. რუსეთი ამ პროცესებში საკმაოდ დიდ საფრთხეს ხედავდა. მანქანა ისევ ამოქმედდა…
to be continued…