აგვისტოს მოვლენებიდან თითქმის 4 თვე გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა ამ 4 თვეში; ზოგი რამ უკეთესობისკენ, ზოგი რამ უარესობისკენ. სამწუხაროდ, უარესობისკენ გაცილებით ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა ქართველ ერს ეს ნაკლებად ეტყობა: საღამოს რესტორნებში ადგილს ვერ ნახავ, ხალხი კარგ განწყობაზეა, ზეიმობენ, ქეიფობენ…ამ დროს კი კონფლიქტის ზონაში ხალხს აწამებენ და კლავენ, ცოცხლად წვავენ, ჭაში აგდებენ. ის ხალხი ზეიმის განწყობაზე როდია. ხელისუფლება, სირაქლემის პოზას არჩევს და თვალს ხუჭავს არსებულ მდგომარეობაზე, ჩვეული სტილით აგრძელებს ხალხის შეცდომაში შეყვანას, თითქოს არაფერი არ ხდება და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ის, რომ სიტუაცია უკვე დიდი ხანია რაც კონტროლს არ ექვემდებარება, ნათლად ჩანს კრიმინალურ ქრონიკებში. დღე არ გადის, რომ კონფლიქტის ზონაში არ დააყაჩაღონ მანქანა, არ მიაყენონ ფიზიკური შეურაცყოფა ეთნიკურ ქართველებს.
წაგებული ომის შემდეგ ხელისუფლება, როგორც ჩანს, დასკვნები არ გამოიტანა. გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გოგავა, არამც თუ გადააყენეს, ახალ თანამდებობაზე გადაიყვანეს და წოდებაც კი შეუნარჩუნეს. თავდაცვის სამინისტროს “აყვავების” შემდეგ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აყვავების ჯერი დადგა. საინტერესო სიტუაცია იქმნება: ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა საბრძოლო მოქმედებებს, რომელიც პირადად პასუხისმგებელია დაგეგმარებაზე, შესრულებაზე და სამხედრო ოპეტაციების ჩატარების სხვა შემადგენელ ელემენტებზე, წატუმატებლობის შემდეგ ახალ თანამდებობაზე გადადის. მსგავსი პრეცედენტი საკმაოდ ბევრია, ოღონდ არა დემოკრატიულ და განვითარებად სახელმწიფოებში. მაგალითისთვის: გენერალი გარისონი, რომელიც ხელმძღვანელობდა რეინჯერებისა და სპეცდანიშნულების რაზმის ერთობლივ ოპერაციას სომალიში, ოპერაციის ჩავარდნის შემდეგ გადადგა. მაგრამ ის არის ამერიკის ჯარის გენერალი, რომლისთვის ღირსება არა მარტო სიტყვაა, არამედ ცხოვრებისეული კრედო და ფასეულობაა. გოგავა არა თუ გადადგა, ახალ თანამდებობაც სიხარულით შეიფერა. რიგით მოქალაქეს უჩნდება შეკითხვა: როგორ დაიცავს საქართველოს საზღვარს ადამიანი, რომელმაც ვერ დაიცვა ქართული მოსახლეობა კონფლიქტის ზონაში?
სამაგიეროდ, ომის წაგების მიზეზებს ადვილად აგნებენ პირად შემადგენლობაში. რამოდენიმე ათეულ ჯარისკაცზე, დეზერტირობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მაიორი გია გზირიშვილი 4-ე ბრიგადაში მსახურობდა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდა: აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს პირველი ომი, გალის მოვლენები 1998 წელს, სამაჩაბლოს 2004 წლის მოვლენები და ბოლოს აგვისტოს ომში. უკანდახევის ბრძანების მიღების შემდეგ, სხვა ჯარისკაცებთან ერთად უკან დაიხია. თბილისში დაბრუნების შემდეგ, იმყოფებოდა სახლში და ელოდა ბრძანებას (ამ დროს, მოგეხსენებათ, ყველანი “გაუშვეს”). 3 დღეში დაურეკეს სამსახურიდან და უთხრეს, რომ მორიგეა. სამსახურში მისვლისთანავე ის დაკავებულ იქნა სამხედრო პოლიციის მიერ. დეზერტირობის მუხლით…მაიორ გზირიშვილის საქმე ერთადერთი შემთხვევა არ არის. ჯარისკაცებს იჭერენ იარაღის დაკარგვისთვის, ბრძანების შეუსრულებლობისთვის, სამხედრო ნაწილში დროულად არგამოცხადებისთვის. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როდესაც ათეულობით ტანკის, შეიარაღების, აღჭურვილობის მოწინააღმდეგისთვის ჩუქებისთვის არავინ არ დასჯილა. რუსები, რომლებიც საქართველოში სპორტული ფეხსაცმელითა და დახეული ფორმით ჩამოვიდნენ, უკან ბოლომდე აღჭურვილნი და შეიარაღებულნი დაბრუნდნენ. ვინ დაისაჯა ამისთვის?არავინ. ის ფაქტი, რომ ომის შემდეგ დამნაშავეებს დაბალ რგოლებში ეძებენ, სიახლე არ არის. მაგრამ რამდენად იმოქმედებს ეს პირადი შემადგენლობის მოტივაციაზე, ეს უკვე საკითხავია.
ბევრი საუბრობს მოსალოდნელ ომზე. ზოგი ამბობს, ზამთარში დაიწყება. ზოგი თვილს, რომ გაზაფხულზე. ფაქტია, რომ რუსეთი გაჩერებას არ აპირებს. ევროპამ რუსეთს აპატია აგვისტოს ქმედებები, რამაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საკმაოდ გაათამამა. საინფორმაციო ომი აპოგეას აღწევს და სიტუაცია ნელნელა ჩვენს საწინააღმდეგოდ ბრუნდება. დასავლური პრესის ნაწილი სააკაშვილის მიერ ომის დაწყებაზე საუბრობს. თვითონ მთავარსარდალი არ უარყოფს, რომ შეტევაზე გადასვლის ბრძანება მას ეკუთვნის. მაგრამ ვის უტევდა სააკაშვილი 7 აგვისტოს ღამეს?ოკუპანტებს?თუ ოსურ ბანდ-ფორმირებებს?რა იყო სამხედრო ოპერაციის მიზანი:ოკუპანტებთან ბრძოლა თუ დაკარგული ტერიტორიების შემოერთება?ამ კითხვებზე პასუხი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გაცემულა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ კითხვები არ იყო დასმული. საზოგადოება კომისიის შედეგების მოლოდინშია, თუმცა ცხადია, რომ დავითაიას ხელმძღვანელობით შექმნილი კომისია ობიექტურ შედეგებს არ გამოიტანს. ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანია, ვინ დაიწყო ომი. მნიშვნელოვანი სხვა რამ არის: მზად ვართ თუ არა შემდეგი ომისთვის?
იმაში, რომ ომი აუცილებლად იქნება, ეჭვი არავის ეპარება. ყოველშემთხვევაში, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს. თუ გადავხედავთ ბოლოდროინდელ მოვლენებს, ვნახავთ რომ სიტუაცია დაახლოებით ისეთია, როგორიც იყო წინა წლის გაზაფხულზე. ზუსტად იმ პერიოდში მიმდინარეობდა რკინიგზის აქტიური მშენებლობა და კავკასიონთან რუსეთის ჯარის აქტიური წვრთნები. რამოდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დაავალა ალპინისტთა კავშირს მოემზადებინა 50 000 კაციანი რუსული კონტინგენტი. კონფლიქტის ზონებში პროვოკაციები არ წყდება, დღითიდღე მატულობს ბანდფორმირებების თავდასხმები და მათი სისასტიკე. ამავე დროს საქართველოს შეიარაღებული ძალები ატარებენ საარტილერიო წვრთნებს. უკანასკნელი ერთობ მისასალმებელია, თუმცა უპრიანი იქნებოდა წვრთნები გაევლოთ ქვეითებს, ავიაციას და საშტაბო-მართვის ელემენტებს. არტილერიამ, ჯარის სხვა სახეობებთან შედარებით, ყველაზე კარგად იმუშავა. ხარვეზები იყო მართვაში. ზუსტად ამ ხარვეზების აღმოსაფრქველად საჭიროა პირადი შემადგენლობის გადახალისება იმ უწყებებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაგეგმარებაზე.
ვართ თუ არა მზად რუსული აგრესიის მოსაგერიებლად?თუ რუსის ჯარს ისევე შევეგებებით, როგორც აგვისტოში?დიდი იმედი მაქვს, რომ არა…ერს სძინავს, მაგრამ აუცილებლად გაიღვიძებს. ყოველშემთხვევაში, მინდა მჯეროდეს რომ ასეც იქნება…თუ არადა, მართლაც ღირსნი ვართ რომ რუსეთმა დაგვიპყროს.
თაზო, მანდ რამდენიმე უზუსტობაა, კერძოდ: გია გზირიშვილი არ ყოფილა ომის დროს ცხინვალის რეგიონში. (ანუ არც უკან დაუხევია) ის იმყოფებოდა ვაზიანის ბაზაზე. როცა ვაზიანი დაიბომბა, მაშინ არ დაუტოვებია დისლოკაციის ადგილი, და მერე უცებ დეზერტირი აღმოჩნდა..
Comment by unknown-user — March 12, 2009 @ 8:53 pm
Gia Gzirishvils am shabats shevxvdebi da am istoris konkretul detalebs aucileblad mogaxsenebt:)
Comment by Tazo Demetrashvili — March 12, 2009 @ 10:23 pm
მაიორი გია გზირიშვილი იყო დათხოვილი პირდაპირი მეთაურის მიერ და იცოდა რომ 17 გვისტოს იყო მორიგე,რაზეც მას დაურეკეს.როდესაც 17 აგვისტოს იგი იყო მორიგე,აიყვანეს მაშინ მორიგეობის დროს.
უფროსს არ ეყო კაცობა,ეღიარებინა რომ მან დაითხოვა გია გზირიშვილი.
მისმა თანამშრომელმა მომკვლევმა არ ინება მისი გაფრთხილება რაც ევალებოდა გენშტაბის 14 და 15 აგვისტოს ბრძანებებით და პირდაპირ გადასცა სამხედრო პოლიციას,მათაც გამოკვლევის გარეშე გადასცეს სასამართლოს,რომელთაც უკვე დავალებული ჰქონდათ ვისთვის რა უნდა მიესაჯათ.
Comment by jojo — August 1, 2009 @ 11:56 am