ჩემი ბლოგი

November 4, 2008

8.8.8

Filed under: საქართველო — Tazo Demetrashvili @ 8:58 am

2008 წლის 8 აგვისტო საქართველოს ისტორიაში მორიგ ტრაგედიად შევა. ასობით დაღუპული ქართველი, განადგურებული სოფლები, დანგრეული სახლები,გაუბედურებული ოჯახები…არადა სულ რაღაც ერთი დღით ადრე, 7 აგვისტოს, ქართველებს თითქოს იმედი მიეცათ. იმედი საქართველოს გამთლიანების, დაკარგუილს დაბრუნების, ფეხზე წამოდგომის! სიამაყით გვამცნობდნენ ტელეეკრანებიდან პოლიტიკოსები, ამდენი სოფელი გავწმინდეთ, იმდენი სიმაღლე დავიკავეთ, ცხინვალზე შეტევა დავიწყეთ…სიტუაცია 8 აგვისტოს დილით შეიცვალა, როდესაც კახა ლომაიამ, გაოგნებული სახით ამცნო მთელს საქართველოს, რომ “ჩვენმა ჯარმა მოახდინა ტაქტიკური გადაჯგუფება”, რაც ჩვეულებრივ სამოქალაქო ენაზე, უკანდახევას ნიშნავს. შემდეგ მოვლენები დრამატულად განვითარდა: რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიკავეს კონფლიქტის ზონის ქართული სოფლები, ქ. გორი, ახალგორი და მიმდებარე სოფლები, ქ. სენაკი და მიმრებარე ტერიტორია, სენაკის ბაზა, ქ. ფოთი…აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი ოკუპანტების კონტროლს ქვეშ აღმოჩნდა. აფეთქებულ იქნა სარკინიზო ხიდი, თბილისის თავზე რუსული ბომბდამშენები დაფრინავდნენ. როდესაც თბილისში გავარდა ხმა, რომ რუსული კოლონა ქალაქისკენ მოემართება, ატყდა პანიკა. ბენზინგასამართ სადგურებზე უამრავმა მანქანამ მოიყარა თავი, კახეთისკენ მიმავალ გზატკეცილზე სამოქალაქო მანქანების უზარმაზარი ჯაჭვი გაიჭიმა, თბილისის მისადგომებთან ქართული ჯარი გამაგრდა. მაგრამ რუსული კოლონა იგოეთთან გაჩერდა და პოზიციები დაიკავა. საქართველო ოკუპაციისა და იმპერიალისტური ამბიციების მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდა.

რამ შეუწყო ამას ხელი? რუსეთის, როგორც სსრკ-ს შთამომავლის, აგრესიულმა პოლიტიკამ?თუ ჩვენი ხელისუფლების არასწორმა ნაბიჯებმა და ქმედებებმა? ჩვეულებრივ მოქალაქეს გლობალური პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებს, მისთვის მთავარია შედეგი. შედეგი კი შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 30% ოკუპირებულია, ათიათასობით დევნილი, განადგურებული ინფრასტრუქტურა, სრულიად დემორალიზებული ჯარი. ჯარი საერთოდ ცალკე თემაა. ის რაც მოხდა აგვისტოში, დეტალური გამოძიების საგანი უნდა გახდეს. ჯერჯერობით არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა და პასუხიც არავის გაუცია. რატომ ჩავაბარეთ ამდენი ტექნიკა? რატომ მოხდა ჯარის მართვაში ამდენი დარღვევა?რატომ ვაძლევდით რუსულ თვითმფრინავებს ქართულ ცაში თავისუფლად ფრენის საშუალებას?რატომ მივეცით ოს ბანდფორმირებენს უფლება გაენადგურებინათ ქართული სოფლები?

პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომლის თავმჯდომარედ პაატა დავითაია დაინიშნა. ამ “გამოძიების” მიზანი უნდა ყოფილიყო სიმართლის დადგენა, მაგრამ გამოძიების პროცესში ნათელი მოეფინა მთავარ მიზანს – პრეზიდენს სააკაშვილისთვის ხელის აფარება. ამ ეტაპზე პირველი ნაბიჯი სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურმა, გენერალმა ყურაშვილმა გააკეთა. მან განაცხადა, რომ განცხადება “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაციის” განცხადება სპონტანურად გააკეთა, რომ ის ბრძოლიდან ახალი გამოსული (!!) იყო და კონტუზია ჰქონდა მიღებული. რა უნდა გენერალს ბრძოლის ველზე?გენერალი უნდა იჯდეს მართვის ცენტრში და ხელმძღვანელობდეს ოპერაციას. მისი ადგილი წინა ხაზზე ავტომატით ხელში ნამდვილად არ არის. სხდომაზე ყურაშვილი საკმაოდ განერვიულებული ჩანდა. თვითონ ხვდებოდა, თუ რა ნაბიჯზე მიდიოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არც ჰქონდა. მის დაუფიქრებელ ფრაზას შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყოლოდა. ახლა რუსეთის დიპლომატიას ხელში საკმაოდ სერიოზული კოზირი უჭირავს – ყურაშვილის განცხადება.

ეკუთვნოდა თუ არა ეს განცხადება პირადად ყურაშვილს თუ ის უბრალოდ ახმოვანებდა ხელისუფლების გეგმებს?შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ყურაშვილი არ არის იმდენად გულუბრყვილო ადამიანი, რომ მსგავსი განცხადებები დამოუკიდებლად აკეთოს. ეს თუ მასეა, გენერლობამდე როგორ მიაღწია?

ვის ახმოვანებდა ყურაშვილი?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად თვალი გადავავლოთ 7 აგვისტოს ოფიციალური პირების განცხადებებს.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი : “ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად, როგორც ამბობენ ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს კონფლიქტის ზონაში სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას“. ამ განცხადებიდან ჩანს, რომ სააკაშვილს რუსული მხარე ისევ შუამალვად და არა კონფლიქტის მონაწილედ მიაჩნია. მანამდე არაერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთი არ არის შუამავალი, არამედ კონფლიქტში მონაწილე მხარეა. ცოტახანში პრეზიდენტი მორიგ განცხადებას აკეთებს: “მივმართავთ ყველა ჩვენს პარტნიორს, დაგვეხმარეთ ძალადობის ესკალაციის შეჩერებაში, პირდაპირი მოლაპარაკების წარმოებაში, ავტონომიის გარანტიების მიცემაში”. რომელ ავტონომიურ გარანტიებზეა საუბარი როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარია შემოსული? მართალია, მაშინ ამაზე საუბარი არ იყო, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც დიპლომატიურ ფრონტზე ჩვენ პოზიციები დავთმეთ, ეს თემა აქტუალური გახდა. შემდეგ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება საკმაოდ რთულია: “საქართველოს ნებისმიერი პრეზიდენტი ყოველთვის მოწოდებული იქნება რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, თუკი რუსეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ბოლო წლებში ცხინვალში სხედან ადამიანები, რომლებიც არიან რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები, ისინი საკუთარ თავს სამხრეთ ოსეთის მთავრობის მინისტრებს უწოდებენ. ვითხოვეთ, რომ ეს ე.წ მინისტრები გაწვეული იქნან უკან. მათ არაფერი აკავშირებთ სამხრეთ ოსეთთან, ისინი ხელს უშლიან ტრადიციული ქართულ-ოსური ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ გვინდა ნამდვილი შუამავლები რუსეთიდან. კიდევ ერთხელ გთავაზობთ შუამავლის როლს ამ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს”.

გეგმებიც მართლა დიდი ყოფილა. ამ გეგმების განხორციელება 7 აგვისოს, ღამე დაიწყო, როდესაც ცხინვალისკენ პირველი გრადი გაფრინდა. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მე მინდა ყურადღება გავამახვილო ხელიფუფლების რამოდენიმე წარმომადგენლის განცხადებებზე, რომლებიც იმ პერიოდში გაკეთდა.

თემურ იაკობაშვილი: “საქართველო რუსეთთან სამამულო ომს აწარმოებს“. მან ეს განცხადება პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ცოტა უცნაურია, რატომ შეეცვალა მიხეილ სააკაშვილს აზრი ასეთ მოკლე დროში? რამოდენიმე საათის წინ ის რუსეთის შუამავლობაზე საუბრობდა. საერთოდ, გაურკვეველი იყო თემურ იაკობაშვილის როლი ამ სიტუაციაში. ის ხან პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დელატებს ახმოვანებდა, ხან კიდევ სტრატეგიულ გეგმებზე საუბრობდა. აღსანიშნავია მისი კიდევ ერთი განცხადება: “საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სამხრეთ ოსეთის რეგიონში კრიმინალური რეჟიმის დასრულება”. არანაირი საუბარი ოკუპაციურ ჯარებზე. საერთოდ, საოკუპაციო ჯარებზე საუბარი დაიწყო მაშინ, როდესაც დიპლომატიურ ფრონტზე კონფლიქტის დაწყების მიზეზებზე ალაპარაკდნენ. რუსეთი საქართველოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმაში ადანაშაულებდა და არგუმენტად ყურაშვილის განცხადება მოჰყავდა. ამის შემდეგ სიტუაცია ნელნელა საქართველოს წინააღმდეგ შეიცვალა. და ზუსტად ამ დროს დაიწყო საოკუპაციო ჯარებზე საუბარი, რომლებიც თურმე 7 აგვისტომდე უკვე რეგიონში იმყოფებოდნენ? მაშინ რატომ არ განვაცხადეთ, რომ ბრძოლას ოკუპაციის წინააღმდეგ ვაწარმოებთ? რა საჭირო იყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა მაშინ, როდესაც 2 სთ-ით ადრე მიმართვაში პრეზიდენტი მშვიდობასა და მოლაპარაკებებზე საუბრობდა?

დავუბრუნდეთ საგამოძიებო კომისიას. გენერალმა ზაზა გოგავამ განაცხადა, რომ “არ ეგონა, რომ რუსეთი ამგვარ ქმედებებს განახორციელებდა”. მსგავსი განცხადებების მოსმენა იმ პირისგან, რომელზეც თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოებაა დამოკიდებული, საზოგადოებისთვის ნაკლებად სასიამოვნოა. ნათელი ხდება, რომ გენშტაბში საერთოდ არაფრის გეგმა არ არსებობდა. საკმარისია დავასახელოთ 3 ფაქტი:

1 – აგვისტოს დასაწყისში ცხინვალიდან მოხდა მოსახლეობის ევეკუაცია.

2 – რუსეთის 58-ე არმია ჩრდილოეთ საზრვრებთან წვრთნებს ატარებდა.
3 – აფხაზეთში აშენებული რკინიგზა.

არსებობს კიდევ მრავალი ფაქტი, მაგრამ ეს 3 საკმარისია იმისთვის, რომ დაახლოებით მაინც გათვალო მოწინააღმდეგის ქმედება. თუმცა რას უნდა ელოდო გენშტაბის უფროსისგან, რომელსაც გენერალური შტაბის აკადემიაც არ აქვს დამთავრებული…

შეცდომებზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ თუ დროულად არ მოხდება ამ შეცდომების გაანალიზება, დიდი შანსია რომ მომავალში განმეორდეს იგივე. შეიძლება უარესიც.

Advertisement

2 Comments »

  1. magari temebia.es tkven titon daceret?agbrtovanebuli var am temit.

    Comment by mari — February 18, 2009 @ 5:52 pm

  2. diax chemi dacerilia :)

    Comment by Tazo Demetrashvili — February 21, 2009 @ 10:41 am


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Theme: Silver is the New Black. Blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.